dropdown arrow

ჟევი

zhevi

არსებ.

guy, lad, fellow

სლ.

ყმაწვილი, კაცი, „ტიპი“ (უპირატ. დადებით კონტექსტებში);

  • ბიძო გემახსოვრება შენ, ჟევი იყო მთაწმინდაზე, ერთხელ ძაღლებმა აბლავა მოუწყვეს ჩელუსკინელებზე, გააძრო ტყუპი რკინა და დააყარა. კენჭები რომ გამოელია, ადგა და ხიდიდან მტკვარში გაჭიმა;
  • წარმოიდგინე  ნაწვალები, ლაგერებში ნათრევი მაგარი ჟევი ქურდი და ნუ ადამიანია ეგეც, რაღაც ზაპრეტი  დაარღვია, ცოტა გადაცდა რა  და ამ დროს ვიღაც აპელსინი მასაში გამოდის და პრეტენზიას უყენებს;
  • ჟევი ძმები იყვნენ და მერე რა ჟევი, ერთი საათი არ უცხოვრიათ უერთმანეთოდ, კი ერთი ნადირობდა, ფუტკარს უვლიდა,მეორე ცოლიკაურს და ალადასტურსც აყენებდა მეფურს.

აპროქსიმაცია

ap'roksimatsia

არსებ.

approximation

პოლიტ. არარეკომენდ.

საკანონმდებლო აქტების, რეგულაციების, სახელმძღვანელო წესებისა და მისთ. დაახლოება ევროკავშირის შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებთან;

  • გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კიდევ ერთ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების აპროქსიმაცია;
  • არ არსებობს ევროპული ინტეგრაცია სამართლებრივი აპროქსიმაციის გარეშე;
  • შეთანხმების თანახმად უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის დინამიკური აპროქსიმაცია.

არქიფო

arkipo

არსებ.

tyrant, dictator

პოლიტ. კიცხვ.

პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საზოგადოებას უნერგავს მისადმი ბრმა თაყვანისცემას, არწმუნებს, რომ ის მათი მხსნელია და უქმნის ფუჭ მოლოდინებს, რის შედეგადაც კარგავს თვითკრიტიკას, რეალობის შეგრძნებას და იქცევა ძალაუფლებისადმი მიდრეკილ მმართველად.

  • გადაჯიშების გზას შევუდექით და ნელ-ნელა არქიფო სეთურის მონებს ემსგავსება ჩვენი 26 საუკუნოვანი ერი. 
  • იქ არქიფო უზით, რომელიც ამ სისტემას ზემოდან აზის და ყველა რგოლს აკონტროლებს.

პოზიციონირება

p'ozitsionireba

არსებ.

positioning; to position

  1. ხშ. პოლიტ. ამა თუ იმ  პოზიციის დაკავება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება (რაიმე სადავო საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონფრონტაციის დროს და მისთ.);  

    • იმ დროს, როცა შამბა ცდილობდა დისტანცირებოდა ეკლესიაში აფხაზ პატრიოტებს, ანქვაბის გუნდი [...] მკაფიოდ ახდენდა თავისი თავის პოზიციონირებას განხეთქილებაში მყოფებთან და ამით კიდევ უფრო უსვამდა ხაზს განსხვავებებს შამბასა და ანქვაბის პოზიციებს შორის;
    • ინტერტექსტუალური ანალიზის დროს მთავარია არა ის, თუ რომელ ტექსტს ეხმიანება ავტორი, არამედ ის, თუ როგორ, რისთვის იყენებს იგი მას და, რაც მთავარია, როგორ პოზიციონირებას აკეთებს ამ ტექსტებთან, როგორც მწერალი;
  2. ეკონ. პროდუქტის ან მომსახურების მისადაგება ამა თუ იმ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებისთვის;

    • ბაზრის კვლევა ინფორმაცია ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე, მიზნობრივ სეგმენტზე, მომხმარებელთა საჭიროებებსა და ქცევაზე, მათ კონკურენტებზე აუცილებელია ბიზნესისთვის, რათა მოახდინოს ბაზარზე სწორი პოზიციონირება, იყოს კონკურენტუნარიანი და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს სამომავლო სტრატეგიის ფორმირება;
    •  ეს სიტუაცია წარმოებული ღვინის საფასო პოზიციონირებაზეა დამოკიდებული;
    •  ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი [...] საქართველოს და მასში წარმოებული პროდუქციის სწორი პოზიციონირება უნდა იყოს საერთაშორისო მომხმარებლის თვალში;
  3. სპეც. განლაგება, მოთავსება, სწორი ადგილის ან  პოზიციის შერჩევა (რაიმესათვის);

    • იმ შემთხვევებში, როდესაც ძვლის მოცულობა ან კონფიგურაცია ხელსაყრელი არ არის იმპლანტების ზუსტი პოზიციონირებისთვის, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სტომატოლოგს ეხმარება ყბების კომპიუტერული ტომოგრაფია;
    • ყურადღება მიაქციეთ მჭიდის სწორ პოზიციონირებას იარაღის ტარის მიმართ;
  4. ზმნ. მნიშვნ. უპირატ. პოლიტ. ამა თუ იმ  პოზიციის დაკავება (<და>იკავებს), საკუთარი პოზიციის დაფიქსირება (რაიმე სადავო საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონფრონტაციის დროს და მისთ.);

    • საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში;
    • ფაქტობრივად, ტრამპი პოზიციონირებდა როგორც მოძრაობის ლიდერი, რომელიც ამერიკელებს ამერიკის დაბრუნებას დაჰპირდა;
    • ის პოზიციონირებს, როგორც ტრადიციულად პოზიციონირებდა: დისტანცირებას ახდენს დასავლეთისგან, ინარჩუნებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან და მზაობას გამოთქვამს გააგრძელოს ეს ხაზი, სერიოზული დათმობების ფასადაც კი.

რანდომული

randomuli

ზედს.

random, haphazard

არარეკომენდ.

შემთხვევითი; ნებისმიერად / უსისტემოდ შერჩეული;

  • ჩვენ ჩავატარეთ რანდომული კვლევა დედაქალაქში და თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1 პროცენტს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია;
  • მონიტორინგი განხორციელდება რანდომული პრინციპით შერჩეულ დაწესებულებებში;
  • ორი რანდომული ციფრის შედარება JavaScript-ის საშუალებით.

დამსტიკერებელი

damst'ik'erebeli

არსებ.

sticker attacher, an employee who attaches stickers (to goods)

ეკონ. საუბ.

პროდუქციაზე, კონტეინერებზე და მისთ. სტიკერების დამკვრელი (საწყობში და მისთ.);

  • თვლი, რომ აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ, ეძებ სტაბილურ სამსახურს მზარდი ანაზღაურებით - მაშინ შემოუერთდი "ნავნეს" გუნდს საწყობში დამხარისხებლის და დამსტიკერებლის პოზიციაზე, ქ. თბილისში;
  • ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე (დამსტიკერებელი-მძღოლი).

ანტიპუტინისტი

ant'ip'ut'inist'i

არსებ.

Putin critic/opponent

პირი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ კურსს, ავტორიტარულ მმართველობასა და რუსულ იმპერიალისტურ იდეოლოგიას;

  • დღეს უკრაინელთა უმრავლესობა ანტიპუტინისტია და სწორედ მასში ხედავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპირველეს მტერს;

  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავარი ანტიპუტინისტი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს ჩაიში ჩაყრილი მორიგი "პოლონიუმით".

პოლიტკორექტული

p'olit'k'orekt'uli

ზედს.

politically correct, PC

პოლიტ. საუბ.

პოლიტიკურად კორექტული, პროგრესული, ტოლერანტული (განსაკ. რასასთან, გენდერთან, სოციალურ კლასთან და ა.შ. დაკავშირებულ  საკითხებში);

  • პოლიტკორექტულ დასავლეთში ამბობენ, რომ ასეთ მონსტრებს ეროვნება არ გააჩნიათ – ეს არ არის მართალი. ყველა მონსტრი თავისი ერის შვილია და ის ღრმად ეთნიკურია;
  • საკმაო ხანია დასავლეთში გაჩნდა ერთი ახალი აბრევიატურა PC, რაც იშიფრება როგორც "პოლიტკორექტული";
  • ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გნიასი შეიქმნებოდა პოლიტკორექტულ ევროპაში ამ განცხადების გამო.

ალუმნი

alumni

არსებ.

alumnus

განათლ. საუბ.
  1. სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებული;

    • კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ალუმნი;
    • ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ალუმნები ქუთაისის მაჟორიტარს მიმართავენ;
  2. პროექტის, კონკურსის და ა.შ. ყოფილი მონაწილე;

    • აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის);
    • საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსებში დაფინანსებულ მეცნიერთა („ალუმნები“) ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს კონკურსებში გამარჯვებულ მეცნიერებს შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებას.

ანტივაქსერი

antɪvakseri

არსებ.

anti-vaxxer

მედ.

ვაქცინაციის აქტიური მოწინააღმდეგე;

  • საქართველოში ანტივაქსერების ძირითადი ნაწილი პრორუსული განწყობის ადამიანები არიან;
  • ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამარცხებელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში.

ჟურნალიუგა

zhurnaliuga

არსებ.

underhanded or dishonest journalist

საზოგ. კიცხვ.

არაკეთილსინდისიერი ან უპრინციპო ჟურნალისტი;

  • ეს ჟურნალიუგა ლატენტური მიშისტია. რომ კითხო ობიექტურია;
  • ქოც სააგენტოს ჟურნალიუგა მირეკავს და სარკაზმით მეკითხება: კიდევ ვინ გინახავთ სკამზე ასული , თქვენი მიშას სადღეგრძელებლადო და უკლებლივ ყველა გაქოცებული, “დაბრაკული” ნაციონალი , გარდა ვასიკო ჩიგოგიძისა და ისიც იმიტომ, რომ უბრალოდ, სკამი არ იძებნებოდა არც ერთ რესტორანში, რომელიც ჩიგოგიძის სახალადეცე კისერსა და სამუჟუჟე წვივებს გაუძლებდამეთქი და გამითიშა;
  • ქაჯაიაა პროვოკაციებზე დაგეშილი "ჟურნალიუგა" და არა ჟურნალისტი;
  • და კიდევ, თემის სათაურში მე მგონი "ქართველი ჟურნალიუგა" მიწერია და არა პირველის და არა სხვა რომელიმე ტელეარხის.

სიტკომი

sit'k'omi

არსებ.

sitcom

გართ.

სიტუაციური კომედია, კომედიური რადიო- ან  ტელესერიალი; 

  • მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსი გამოცდილი მსახიობი იყო, სიტკომის გადაღებების დროს მაინც ძალიან ნერვიულობდა;
  • ის ჟანრი, რასაც ვაკეთებდი სიტუაციური კომედია, ანუ სიტკომი – აღარ მინდა, ძალიან ბევრი სახასიათო როლი შევქმენი;
  • სიტკომები ვისაც გიყვართ და ჯერ ეს შოუ არ გინახავთ, გირჩევთ მალევე გამონახოთ დრო.

ტრამპისტი

t'ramp'ist'i

არსებ.

Trumpist, supporter of Donald Trump and his policies

პოლიტ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მისი პოლიტიკისა და შეხედულებების მხარდამჭერი;

  • ამ ბოდვისთვის პასუხგაუცემლობა არაფრით არ შეეძლო ამერიკული მედიასაშუალებების მთავარ ტრამპისტს, Fox News-ის ტელეწამყვან ტაკერ კარლსონს;
  • კაპიტოლიუმზე ტრამპისტების შტურმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორ შეიძლება ავანტიურისტი ლიდერის დადგმული ფარსი და გროტესკი გადაიზარდოს ტრაგედიაში.

ხრახნილლულიანი

khrakhnilluliani

ზედს.

rifled

სამხ.

კუთხვილიანი, დაკუთხვილი, ლულის შიდა მხარეზე სპირალურად ჩაჭრილი ზოლების მქონე (ითქმის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ);

  • [...] საბრძოლო მასალის (გლუვლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე - 0,04 ლარი; საბრძოლო მასალის (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნა) ერთ ერთეულზე - 0,06 ლარი  [...];
  • სანადირო იარაღის სახეებია: ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სანადირო პნევმატური იარაღი;
  • დღეს მათი ექსპორტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი იარაღები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ დასავლეთში.

პოლარიზაცია

p'olarizatsia

არსებ.

polarization

პოლიტ.

ორ მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად გაყოფა (საზოგადოებისა, ამომრჩევლებისა და მისთ.);

  • მნიშვნელოვანია, რომ დაძლეულ იქნას ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და რევანშის გრძნობა, რომელიც კვლავაც არსებობს პოლიტიკურ გარემოში;
  • საარჩევნო კამპანიის პოლარიზაცია გაიზარდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" ლიდერებისა და მაჟორიტარული კანდიდატების საარჩევნო გზავნილების ტონი კონფრონტაციული და ხისტია;
  • დღეს საქართველოს წინაშე დგას დაუძლეველი პრობლემა – პოლარიზაცია, რასაც უკურნებელი სენივით ღრმად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებაში და ქვეყანას რეგრესისკენ მიაქანებს.

პოლარიზებული

p'olarizebuli

ზედს.

polarized

პოლიტ.

ორ მკვეთრად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად გაყოფილი (უპირატ. ითქმის საზოგადოების, ამომრჩევლების და მისთ. შესახებ);

  • წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო და ძალადობის შემთხვევებიც აღინიშნებოდა;
  • პოლიტიკური გარემო საქართველოში კვლავ პოლარიზებულია და მას ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული დაძაბულობა განსაზღვრავს;
  • ზედმეტად პოლარიზებულ საზოგადოებაში ძალიან დიდია ძალადობის საფრთხე.

ბლოკბასტერი

blok'bast'eri

არსებ.

blockbuster

გართ. საუბ.

უაღრესად პოპულარული და ფინანსურად წარმატებული ფილმი, წიგნი და ა.შ.;

  • მსოფლიო აღიარება კრაიტონს 1993 წელს ეწვია, როდესაც ეკრანებზე გამოჩნდა ბლოკბასტერი მისი რომანის „იურული პერიოდის პარკის“ მიხედვით.

წინასწარგანჭვრეტადი

ts'inasts'arganch'vret'adi

ზედს.

predictable, foreseeable

წიგნ.

წინასწარ განჭვრეტა რომ შეიძლება, პროგნოზირებადი;

  • ანალოგიურად, გონივრულად წინასწარგანჭვრეტადი კავშირი შეიძლება არსებობდეს ემისიებსა და ფინანსურ ან საოპერაციო ინფორმაციას შორის;
  • ვენეციის კომისიის პოზიცია ჩვენთვის წინასწარგანჭვრეტადი იყო, ვინაიდან, როგორც არაერთხელ ითქვა, არ არსებობს არც ერთი ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც საგადასახადო საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას ითვალისწინებს;
  • 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები (ხელოვნური ინტელექტი, ფეიკ ნიუსი, დიგიტალიზებული მედიცინა) ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურად ცვლის და მას სრულიად წინასწარგანჭვრეტადს და ამით, მანიპულირებადს ხდის.

ბიზნესვუმენი

biznesvumeni

არსებ.

businesswoman

ბიზნ. საუბ.

ბიზნესმენი ქალი, მეწარმე ქალი; 

  • კამერონ დიასი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობი და ბიზნესვუმენია, ძალიან კარგად წერს;
    • დღეს ის აღიარებული ბიზნესვუმენია და ბევრ ქალს მოტივაციას აძლევს.
  • ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი-შოუს მონაწილეები, ბიზნესვუმენები, მეწარმეები და მილიონების მფლობელი ქალები არიან.

პროევროატლანტიკური

p'roevroat'lant'ik'uri

ზედს.

pro-EuroAtlantic

პოლიტ.

ჩრდილოატლანტიკურ სივრცესა და "ნატოს" ალიანსში ინტეგრაციისა და მათთან დაახლოების მომხრე, მხარდამჭერი ან ხელშემწყობი;

  • ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ერთგულია საქართველოს პროევროპული, პროევროატლანტიკური მიმართულებით სვლის და მათთვის, ვისაც ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს, ამის გათვალისწინება ღირს;
  • სახელმწიფოებს, რომლებმაც პრო-ევროატლანტიკური კურსი აირჩიეს, რეალურად არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება, მათ სურთ დაამტკიცონ, რომ ისინი არ არიან „პოსტსაბჭოთა“  რესპუბლიკები და [...] სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ;
  • ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალებს, რომ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ბოლოდროინდელ მიღწევებს დაეყრდნონ და ერთად იმუშაონ ქვეყნის წინ წაყვანისთვის ...;
  • პეტკოვი მხოლოდ ნახევარი წლის წინათ ჩაუდგა სათავეში (ბულგარეთის) მთავრობას და აქტიური პროევროპული და პროევროატლანტიკური პოზიცია ეკავა.